ტეგები

, ,


1990 წლის ზაფხულში, უზენაესი საბჭოს პირველ მრავალპარტიულ არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ გამოაქვეყნა მიმართვა და ეროვნული მოძრაობის დანაყოფ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ, არჩევნებში ერთ ბლოკად გასვლისკენ მოუწოდა.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გთავაზობთ მაშინდელი ამ მიმართვის სრულ ტექსტს. ის საინტერესოდ აღწერს 1990 წლის არჩევნების წინა რეალობას, იმას თუ რა სერიოზული შანსები ჰქონდა კომუნისტურ პარტიას ( სრული დისკრედიტაციის მიუხედავად) და რა დიდი  ბრძოლის გაწევა იყო საჭირო მის დასამარცხებლად: ” მაინც, წინასწარი ვარაუდით, ვინ მისცემს ხმას კომუნისტურ პარტიას? უპირველეს ყოვლისა, ალბათ კომუნისტთა 400.000 იანი არმიის „ნომენკლატურა“; „ინტერფრონტელი“ ელემენტები;  სხვადასხვა ჯურის სეპარატისტები; ალბათ სუკის მუშაკთა გარკევული ნაწილი; ეკონომიკური მაფიის ერთი ნაწილი; ხელოვნურად და მიზანდასახულად ორგანიზებული დესტაბილიზაციით თავმობეზრებულ  უბირ მოქალაქეთა ნაწილი;”

_____________________________________________________

“საქართველოში პირველად უნდა გაიმართოს მრავალპარტიული არჩევნები!

ვისი გამარჯვებაა არჩევნებში სასურველი  – რუსთაველის საზოგადოების? სახალხო ფრონტის? მრგვალი მაგიდის? მწვანეების? ფედერალური პარტიის? დასის?..

არც ერთის!

samferaმრავალპარტიულ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ეროვნულმა მოძრაობამ! ეს გამარჯვება ნიშნავს უზენაესი საბჭოს გარდაქმნას ჭეშმარიტ პარლამენტად და საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენის რეალურ ინსტრუმენტად.

ვინ არის საქართველოს ეროვნული მოძრაობის მეტოქე მომავალ არჩევნებში – რუსთაველის საზოგადოება? სახალხო ფრონტი? მრგვალი მაგიდა? მწვანეები? “ დასი“?

არც ერთი!

საქართველოს ეროვნული მოძრაობის მეტოქე მომავალ არჩევნებში არის კომუნისტური პარტია, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა: პოლიტიკურ, ეკონომიკურ. ზნეობრივ, ეროვნულ კრახამდე.

როგორია მომავალ არჩევნებში, ერთი მხრიც, საქართველოს ეროვნული მოძრაობისა და, მეორე მხროვ, კომუნისტური პარტიის შანსები?

ეროვნული მოძრაობის შანსების ზუსტი განსაზღვრა  ძნელია, რადგან ძნელია ზღვაში თევზის და ცაში ფრინველის დათვლა, სამაგიეროდ იოლია, მეტნაკლები  სიზუსტით განისაზღვროს კომუნისტური პარტიის შესაძლებლობები.

მაინც, წინასწარი ვარაუდით, ვინ მისცემს ხმას კომუნისტურ პარტიას?

უპირველეს ყოვლისა, ალბათ კომუნისტთა 400.000 იანი არმიის „ნომენკლატურა“;  „ინტერფრონტელი“ ელემენტები;  სხვადასხვა ჯურის სეპარატისტები; ალბათ სუკის მუშაკთა გარკევული ნაწილი; ეკონომიკური მაფიის ერთი ნაწილი; ხელოვნურად და მიზანდასახულად ორგანიზებული დესტაბილიზაციით თავმობეზრებულ  უბირ მოქალაქეთა ნაწილი;

საინტერესოა, გარდა კომუნისტებისა, სხვა რომელი პარტია ან პარტიული ალიანსი ვარაუდობს ხმათა ამგვარი რაოდენობის დაგროვებას?!

დაბეჯითებით შეგვიძლია განვაცხადოთ, ეს შეუძლებელია.

არჩევნებში კომუნისტური პარტიის დასამარცხებლად აუცილებელია მთელი ეროვნული მოძრაობის გაერთიანება. აუცილებელია სრული კონსოლიდაცია, არჩევნების დღისთვის უნდა ერთმანეთის პირისპირ დარჩვეს ორადორი ბლოკი – კომუნისტური პარტია და ეროვნული მოძრაობა.

უნდა გვახსოვდეს: პირველი რიგის ამოცანა არჩევნებში ეროვნული მოძრაობის გამარჯვებაა, უფრო ზუსტად – კომუნისტური პარტიის დამარცხება! სხვა ყველაფერი პირველი ეროვნული პარლამენტის სხდომაზე  გაირკვევა.

მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ ამ შემთხვევაში – სრული კონსოლიდაციის შემთხვევაში – აქვს ეროვნულ მოძრაობას გამარჯვების შანსი. სხვაგვარად სირცხვილს სჭამს მთელი ერი, მოხდება უკანასკნელი დროისთვის უპრეცედენტო რამ: საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა, სადაც არჩევნებში გაიმარჯვებს მთელი მსოფლიოს თვალში სახელგატეხილი პარტია.

ამის დაშვება არ შეიძლება. თუ ეს მაინც მოხდა, ნანატრი დღე, რომლის გამოც ამდენს ვზრუნავთ, ვფიქრობდთ,  ვწერთ. კაცმა არ იცის კიდევ რა ხნით გადაიწევს შორეულ მომავალში.

ამიტომ, რუსთაველის საზოგადოება მოუწოდებს ეროვნული მოძრაობის გულშემატკივარ ყოველ ქართველს და არაქართველს, აქციოს კონსოლიდაციის იდეა საყოველთაო განსჯის საგნად, ოღონად ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გადაწყვეტილება დროულადაა მისაღები. არჩევნებამდე ორიოდ თვეა დარჩენილი.

ამ არჩევნებში ეროვნული მოძრაობა უნდა გამოვიდეს ერთ მუშტად შეკრული.

კომუნისტების პარტიის უდიდეს გამოცდილებას, მის სიმდიდრეს, მის აპარატს, მის საიდუმლო პოლიციას ეროვნულმა მოძრაობამ უნდა დაუპირისპიროს ერთიანობა.

საქართველო ზეპარტიული მოვლენაა და, მისი ინტერესებიდან გამომდინარე , უნდა ყოველგვარი პირადი ამბიციები დავივიწყოთ, თუ არ გვინდა პარტიამ კიდევ ერთხელ  დაგვიჩაგროს პატრია!

როგორც ხალხური იგავი გვასწავლის, წაკიდებილი ძაღლებიც კი მგლის გამოჩენისას თავს ანებენენ ჩხუბს და ღრენას და რა გვემართება ჩვენ – სამშობლოს დიდებაზე მეოცნებე კეთილშობილ მამულიშვილებს! რით ვერ გავერთიანებულვართ?!”

სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება.

1990 წელი.